
მაია ომიაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის თქმით, პირველი კვარტალი პოზიტიური მონაცემებით დასრულდა.
„ტურიზმის ინდუსტრიაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4-%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი, მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, გამოწვევების შესამსუბუქებლად ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„იცით რომ შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორთან და ძალიან აქტიურად ვცდილობთ გარკვეული აქტივობების ჩატარებას, რომ საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით შევამსუბუქოთ, შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე, მეორე კვარტალიც პოზიტიური იქნება“, - აცხადებს მაია ომიაძე.
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1,300,505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით, -14,323 ვიზიტით ნაკლებია.
ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია.
იმედი
წყარო: imedinews.ge