
სოსო გიორგაძე: ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ეს არის მხარდაჭერა, შეფასება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ
ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, პირველ რიგში ამას ვაკეთებთ საქართველოში ამა თუ იმ სისტემის გაძლიერებისათვის და სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
გიორგაძის თქმით, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი განხორციელებული რეფორმების დაფასებაა.
„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და პირადად პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი მითითებით საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, იმიტომ რომ საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი. ეს ერთი მხრივ არის შიდა სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, სწორედ ეროვნული სისტემის გაძლიერება მიგვაჩნია ყველაზე ახლო გზად ევროკავშირისაკენ.
მინდა აღვნიშნო, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენ მივიღეთ 2024 წელს, რომ უნდა გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის შესაბამის კონვენციაზე მიერთების გზით და გასული წლის დეკემბერში, ჩვენ უკვე მივმართეთ ევროპის საპატენტო უწყებას გაწევრიანების თხოვნით და უკვე 4 თვეში საქართველოში იმყოფება ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. ეს, რა თქმა უნდა გულისხმობს რომ გაწევრიანება რამდენიმე თვეში მოხდება, თუმცა 4 თვეში ვიზიტი ეს არის მხარდაჭერა, შეფასება და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge