
თამარ იოსელიანი: რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის როლის გაზრდას შუა დერეფანში
რკინიგზა არის შუა დერეფნის ხერხემალი და ამ კუთხით მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, მთავრობა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
„დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდა გამტარუნარიანობა, ასევე შემცირდა ქვეყნის გადაკვეთის დრო, რაც ცალსახად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი როლი შუა დერეფნის კონტექსტში იზრდება, მათ შორის იმ კუთხით, რომ ვხდებით პროგნოზირებადი, სანდო პარტნიორი შუა დერეფანში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობამ საქართველოს რკინიგზაში რეფორმის სახით დაგეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე დააანონსა ის ახალი პროექტები, რომელსაც საქართველოს რკინიგზა განახორციელებს. ეს არის ახალი სალოკომოტივო პარკის შეძენა, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მიმართულებით“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო და სამგზავრო მიმართულებების გაძლიერებას გეგმავს და კომპანია დაახლოებით 50 ახალ ლოკომოტივს შეიძენს, განაახლებს სავაგონო პარკს, მოხდება 1500 ვაგონის შეძენა, დანერგავს ახალ ელექტრონულ სერვისებს, ასევე შეიძენს 10 სამგზავრო მატარებელს და განაახლებს არსებულ შემადგენლობას, რაც ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას შექმნის.
იმედი
წყარო: imedinews.ge