
„გოლუმზე ნადირობის“ მსახიობების ვინაობა ცნობილია - არაგორნს ჯეიმი დორნანი განასახიერებს
Warner Bros.-მა და New Line-მა ოფიციალურად დაადასტურეს მსახიობთა შემადგენლობა ფილმისთვის „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“. განცხადება სამშაბათს საღამოს, CinemaCon-ის პრეზენტაციაზე გაჟღერდა
ჯეიმი დორნანი სტრაიდერის როლს შეასრულებს - ჩრდილოეთის დუნედაინთა რეინჯერის, რომელიც სინამდვილეში გონდორის მეფის მემკვიდრე არაგორნია. ამ როლში ის ვიგო მორტენსენს ჩაანაცვლებს, რომელმაც პერსონაჟი ორიგინალ ტრილოგიაში განასახიერა. კეიტ უინსლეტი განასახიერებს პერსონაჟს სახელად მარიგოლი, თუმცა მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.
ლეო ვუდალი განასახიერებს ჰალვარდს - კიდევ ერთ დუნედაინს, რომელიც სტრაიდერთან ერთად მონაწილეობს სახიფათო ნადირობაში. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ლი ფეისი (ტრანდუილი „ჰობიტიდან“), იენ მაკკელენი (გენდალფი) და ენდი სერკისი (გოლუმი).
ფილმის რეჟისორი ენდი სერკისია. ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები არიან და მუშაობის ყველა ეტაპში იღებენ მონაწილეობას.
„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია - „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).
იმედი
წყარო: imedinews.ge