
მიხეილ სარჯველაძე: კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ ფარმაცევტულ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით
კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს შეეხებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, რამდენად ეთიკურია, თუკი შესაძლებელი იყო რეფერენტული ფასების დაწესება, რატომ არ გააკეთა სექტორმა ეს იქამდე, ვიდრე ეს საქმე სახელმწიფომ არ ითავა, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აქ იგი ეთიკის პრობლემას ნაკლებად ხედავს, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფოს როლი კი აქ გაცილებით მნიშვნელოვანია.
„რეფერენტულ ფასებამდე თუ რატომ არ მოხდა თვითრეგულირების რეჟიმში ფასების ოპტიმიზაცია, აქ ორ საკითხს ვიტყოდი: მე აქ ეთიკის პრობლემა ნაკლებად მგონია, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, რა თქმა უნდა, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე და უფრო მეტად, მოგების მაქსიმალურად მიღებაზე იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მას აძლევს მოქმედი კანონმდებლობა, არსებული ბიზნეს-გარემო და ასე შემდეგ. ამიტომ, აქ სახელმწიფოს როლი გაცილებით მნიშვნელოვანია.
ამდენად, აქ ეთიკასთან მიმართებით ნაკლებად მექნება კითხვები, მაგრამ რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ კონკურენცია როგორც ასეთი, სამწუხაროდ, თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. ეს კი ნამდვილად აქტუალური კითხვაა. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ კონკურენციის მიმართულებით აუცილებლად, მუდმივად თვალ-ყურის დევნება სჭირდება თვითონ სექტორს და ამის დასტურია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე გამოკვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს შეეხებოდა და იქ საკმაოდ მწვავე პრობლემები იყო გამომზეურებული - დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგიდან, დამთავრებული ცალკეული საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები.
ამდენად, ამ ყველაფერს ბუნებრივია, ანგარიშის გაწევა სჭირდება, სჭირდება მუდმივად დაკვირვება და პერმანენტულად რელევანტური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოახდენს იმის პრევენციას, რასაც ჰქვია, კარტელური გარიგებებიდან დაწყებული, დამთავრებული მაგალითად, ცალკეული პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა“, - აღნიშნა მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge