
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ საკითხებთან ერთად, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.
„საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.
ერთიან ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან ერთად, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ასევე მიეცემა იმ სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც დღეისთვის ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლას 2030 წლის 1 აპრილამდე. კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განხილულ საკითხს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge