
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს. სტუმრებს ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ უმასპინძლა და სკრინინგცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ეს კვლევები სრულიად უსაფრთხო, მარტივი და უმტკივნეულოა, რადგან ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით. ადრეულად აღმოჩენილი დაავადება არის უპირობო შანსი, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ სრულფასოვნად და ჯანმრთელად. ამიტომ, ქალბატონებო, ძალიან გთხოვთ, ჩაიტარეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევები, რათა თქვენი შვილები კიდევ უფრო ბედნიერები იყვნენ", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge