პატრიარქობის სამი კანდიდატი სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა

პატრიარქობის სამი კანდიდატი სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა

იმედი|imedinews.ge

სინოდის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, - განუცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, სინოდის შემდეგ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა. შემდეგი სხდომის თარიღს კი სამდივნო გამოაცხადებს.

„განისაზღვრება კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი - უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

დეკანოზის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხთან დაკავშირებით სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა.

„სულ მცირე, სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა. არ გამოიკვეთა, ვთქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი - არაუმეტეს სამოცდაათი წლისა და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია