
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ეგვიპტეში ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყეს
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე, საწვავზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ეგვიპტე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვას იწყებს და მაღაზიებსა და კაფეებს ადრე დაკეტვას ავალდებულებს.
სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და მაღაზიები კვირაში 5 დღე 21:00 საათზე დაიკეტება, ხოლო უქმე დღეებში - 22:00 საათზე. ითიშება სარეკლამო ბანერების განათება, ხოლო ქუჩის განათება მინიმალურ, უსაფრთხო დონემდე შემცირდება.
სახელმწიფო უწყებების უმეტესობა 18:00 საათისთვის დაასრულებს მუშაობას. განიხილება კვირაში 1-2 დღით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საწვავისა და ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის შეზღუდვა“, - განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ. მისი თქმით, ზომებს 1 თვეში გადახედავენ და „თუ ღმერთი ინებებს და კრიზისი დასრულდება“, მათ გააუქმებენ.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ეგვიპტისთვის, სადაც შოპინგი და ვახშმობა შუაღამის შემდეგაც ჩვეული მოვლენაა, ეს შეზღუდვები საკმაოდ საგრძნობი იქნება.
ეგვიპტე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე. მადბულის განცხადებით, თუ ომის დაწყებამდე გაზის იმპორტზე ქვეყანა თვეში დაახლოებით 560 მილიონ დოლარს ხარჯავდა, ახლა ფასების ზრდის გამო ეს ხარჯი 1.65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge