
Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს
არის თუ არა ნატო კვლავ მებრძოლი ძალა, თუ ის მონუმენტად იქცა? ბრიუსელში დროშები ისევ ფრიალებს და კომიტეტებიც რეგულარულად იკრიბებიან, თუმცა ოფიცრებსა და პერსონალს შორის ჩუმად არსებული დისკომფორტის განცდა სუფევს - კომუნიკეები კვლავაც იძლევა მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი გოჯის დაცვის პირობას, თუმცა რეალობა - განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში - გაცილებით მყიფე სიმართლეზე მიანიშნებს, - წერს გამოცემა Brussels Signal-ი სტატიაში სათაურით ნატო აქტუალობას კარგავს, ევროპა კი ამისთვის სრულიად მოუმზადებელია.
„ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება, არა? ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს. იმ სამყაროში კი, რომელსაც მოჩვენებების აღარ ეშინია, ევროპა სახიფათოდ დაუცველი აღმოჩნდა. ამჟამინდელი უთანხმოება ვაშინგტონთან მხოლოდ პიროვნული დაპირისპირება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ენა შხამიანად პირდაპირი გახდა, მისი პოზიციონირება ასახავს ფუნდამენტურ გადაფასებას იმისა, თუ რამდენად უღირს აშშ-ს ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტირება“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური პაქტი „წმინდა ძროხას“ წარმოადგენდა - ომისშემდგომ მოცემულობას, რომელმაც ცივ ომში გაიმარჯვა და ევროპას საშუალება მისცა, სოციალური ხარჯები თავდაცვის ხარჯებზე წინ დაეყენებინა.
„ახლა კი, როდესაც ირანთან კონფლიქტი დასავლეთის ერთიანობისა და სიმტკიცის საფუძვლებს ცდის, ეს გარანტია აღარ არსებობს. როდესაც ალიანსის მთავარი გარანტორის ლიდერი პაქტის არსებობის აზრს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მე-5 მუხლის საძირკველიც იშლება“, - ნათქვამია სტატიაში.
„ამ ნდობის კრიზისის ყველაზე თვალსაჩინო მამხილებელი საბუთი მიმდინარე თვის დასაწყისში კვიპროსის გარშემო ჩამოვარდნილი სიჩუმე იყო. როდესაც დრონებმა აკროტირის ბრიტანული სუვერენული ტერიტორიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ალიანსისგან ერთიანი გუგუნი იყო მოსალოდნელი - სოლიდარობის მტკიცე დეკლარაცია, თუ არა კოლექტიური თავდაცვისთვის მყისიერი მობილიზება მაინც. ამის ნაცვლად კი, ჩვენ მხოლოდ ბიუროკრატიული ჩურჩული მივიღეთ. ასე რომ, თუ ნატოს არ შეუძლია ან არ სურს რეაგირება მაშინ, როდესაც მისი დამფუძნებელი წევრის ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა, რა რჩება მისი მთავარი მისიიდან? ეს მიგვიყვანს 21-ე საუკუნის უსაფრთხოების კრიზისის იმ ბირთვამდე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ: გარდამავალი ეტაპი დაცული ევროპიდან დაუცველ ევროპამდე. რამდენად უსაფრთხო იქნება ევროპა იმ სამყაროში, სადაც ნატო აღარ არის სანდო ორგანიზაცია? პასუხი პირქუშია. თაობების განმავლობაში ჩვენ თავს ვაფარებდით უსაფრთხოების გარანტიას, რომლის სრულად დაფინანსებაზე თუ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარს ვამბობდით. ახლა კი, ეს გარანტია ცივ, სავაჭრო პრინციპებზე დაფუძნებულ გადაანგარიშებას ექვემდებარება“, - წერს სტატიის ავტორი.
„თუ ევროპული დედაქალაქები უარს იტყვიან ვაშინგტონის გვერდით დგომაზე ჰორმუზის სრუტეში - მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ არტერიაში - მათ არ უნდა გაუკვირდეთ, როდესაც ვაშინგტონი აღარ დაუდგება მათ გვერდით ბალტიისპირეთში. ამავდროულად, როგორ შეუძლია ტრამპს სთხოვოს ევროპას მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ის ცოტა ხნის წინ გრენლანდიაში შეჭრით იმუქრებოდა? ურთიერთობები გაფუჭდა, ინტერესები აღარ ემთხვევა, ამერიკული მფარველობა უკან იხევს, ევროპის კონტინენტი კი საკუთარ ფეხზე დასადგომად მზად არ არის. [...] რაც შეეხება ევროკავშირს, თუ მას სურს იყოს მოთამაშე გლობალურ ასპარეზზე, მან უნდა შეწყვიტოს იმ ფარზე დაყრდნობა, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსება ფიქციას. ევროპის წინაშე არჩევანი მარტივია: ან შექმნას რეალური, ავტონომიური თავდაცვის შესაძლებლობები და ჰქონდეს მისი გამოყენების მტკიცე ნება, ან მოემზადოს იმ სამყაროში საცხოვრებლად, სადაც მას აღარ დაიცავს წარსული ეპოქის პრივილეგიები“, - დასძინა სტატიის ავტორმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge