
ტრამპის სპეცწარმომადგენელი ლიეტუვას მოუწოდებს აღადგინოს კავშირები ბელარუსთან, რადგან აშშ-ს სასუქი სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსში, ჯონ კოული ოფიციალურ ვილნიუსს მოუწოდებს აღადგინოს მინსკთან ურთიერთობები, რადგან ბელორუსული კალიუმის სასუქი ამერიკას ძალიან სჭირდება. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
როგორც კოულმა განაცხადა, ბელარუსიდან კალიუმის სასუქი აშშ-ში ლიეტუვის გავლით უნდა მოხვდეს. მისი თქმით, ლიეტუვისა და ბელარუსის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები უნდა გამართონ.
„ვფიქრობ რომ ის [შეხვედრა] უნდა შედგეს. მე და პრეზიდენტ ტრამპს წინასწარი პირობების არ გვჯერა. ჩვენ გვჯერა, რომ საჭიროა დასხდომა და მოლაპარაკება. თუ ეს არ მუშაობს, მაშინ დგებით და მიდიხართ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ლიეტუვა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ორმხრივ დიალოგს დათანხმდება. უნდა შევაჩეროთ ის, რაც ორივეს ცხოვრებას უშლის ხელს“, - თქვა კოულმა.
ტრამპის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, დიალოგი საჭიროა, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა დაიწყოს.
„მაგალითად, კალიუმის სასუქი ბელარუსიდან ლიეტუვის გავლით უნდა მოდიოდეს. ეს მათთვის ევროპას შეერთებულ შტატებამდე გახსნიდა“, - დასძინა კოულმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge