Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებდა ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეების მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მინისტრების თანდასწრებით უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უნდობლობის გამოხატულება იყო.

მოლაპარაკებების დროს კალასმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის რუსეთზე წნეხს არ ზრდის. მან რუბიოს მის მიერ ერთი წლის წინ ამავე შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი აშშ-ის ძალისხმევას ომის დასრულებასთან დაკავშირებით წინ აღუდგება, ამერიკის მოთმინება ამოიწურება და ის კრემლის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს.

„ერთი წელი გავიდა და რუსეთი ადგილიდან არ იძვრის“, - განუცხადა კალასმა რუბიოს. „როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“.

როგორც წყარო გამოცემას უყვება, რუბიო გაღიზიანებული იყო.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ომი დავასრულოთ. თუ გგონიათ, რომ უკეთ შეგიძლიათ, მიდით. ჩვენ გვერდზე გავიწევით“, - განუცხადა რუბიომ კალასს.

რუბიოს განცხადებით, აშშ ესაუბრებოდა ორივე მხარეს, მაგრამ მხოლოდ ერთს, უკრაინას ეხმარებოდა იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია