
AP: ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული იერიშების შედეგად 30-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე ირანელების მიერ მიტანილი იერიშების შედეგად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 29 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას Associated Press-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, პარასკევს ირანმა საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთნის ავიაბაზის მიმართულებით ექვსი ბალისტიკური რაკეტა და 29 დრონი გაუშვა. დაბომბვის შედეგად 15 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
თავდაპირველად ამერიკული მხარე 10 დაშავებული სამხედრო მოსამსახურის შესახებ იუწყებოდა, რომელთაგან ორს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა.
აღნიშნული ბაზა მანამდე კიდევ ერთხელ იყო თავდასხმის ობიექტი. პირველი ინციდენტის დროს 14 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
Associated Press-ი აღნიშნავს, რომ პრინც სულთნის ავიაბაზა საუდის არაბეთის დედაქალაქიდან ერ-რიადიდან 96 კილომეტრში მდებარეობს. ის საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის, თუმცა მისით ამერიკელი სამხედროებიც სარგებლობენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge