
რუსეთმა ოდესა 60-ზე მეტი დრონით დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა 60-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„წუხელ რუსებმა მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესაზე. ამას არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სამოქალაქო ცხოვრების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორი. ქალაქზე თავდასხმაში 60-ზე მეტი დამრტყმელი დრონი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ბევრი დაზიანებაა. დაზიანებულ შენობებს შორისაა სამშობიარო სახლი, საცხოვრებელი სახლები, ქარხნები, საპორტო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, დაბომბვას ემსხვერპლა ერთი ადამიანი, ხოლო ათზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა ბავშვი.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსეთმა წუხელ დაბომბა პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც.
„თითოეული ასეთი შეტევა ადასტურებს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. შესაბამისად მის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის შემსუბუქება საშიშია“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge