
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ყველაზე მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახალი აკადემიური წლისთვის მზადებას შთამბეჭდავი მიზნებითა და სიახლეებით განაგრძობს. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, KIU-მ ყველაზე მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერეს კამპუსი და მოინახულეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და აკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველად მიიღებს სტუდენტებს ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე. ახალი პროგრამების პარალელურად ასევე ცხადდება მიღება ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე: მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები; კომპიუტერული მეცნიერება; მენეჯმენტი; ფსიქოლოგია; დიზაინი.
KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და მისი სარეგისტრაციო კოდია - 197.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს დახვდებათ 163 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საუნივერსიტეტო კამპუსია. ის მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ შორისაა როგორც ადმინისტრაციულ- საგანმანათლებლო, ისე საცხოვრებელი კომპლექსი.
უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური პროექტები და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები. ახალგაზრდების უშუალო ორგანიზებითა და ჩართულობით იმართება კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული და ინტელექტუალური კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და სხვა. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. KIU-ს სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებში. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას. KIU-ს კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან მსოფლიოს წამყვან კომპანიებში, ფინანსურ ინსტიტუციებსა და საჯარო სექტორში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ KIU-ს განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge