
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ეს ინციდენტი ომის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო. სამხედრო თვალსაზრისით ირანი აშშ-სა და ისრაელზე სუსტია, მოძველებული და არასაკმარისად დაფინანსებული სამხედრო-საჰაერო ძალებით, თუმცა მიმდინარე კონფლიქტში ის საჰაერო თავდაცვის გარკვეული რესურსით ჩაერთო, რაც მოიცავს რაკეტების ფართო სპექტრს და საშიშ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
უშუალოდ ომის დაწყებამდე, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) შეფასებით, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალები 15,000 ადამიანს შეადგენდა. ეს ძალები მოიცავდა 16 ბრიგადას, რომლებიც აღჭურვილი იყო საშუალო რადიუსის MIM-23B Hawk-ის ტიპის მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებით ან მისი ირანული ანალოგით - „შაჰინით“.
კიდევ ხუთი ესკადრილია სხვადასხვა სისტემით იყო აღჭურვილი. მათ შეიარაღებაში შედიოდა შორ მანძილზე მოქმედი S-200 Angara, რომელიც საბჭოთა ეპოქის რუსული სისტემის ანალოგია. IISS-ის თანახმად, საკუთარი საჰაერო თავდაცვა გააჩნიათ ირანის არმიასა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსაც.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გადასატანი საზენიტო რაკეტების სერია სახელწოდებით „მისაკი“, რომელიც მსგავსი ჩინური რაკეტის ბაზაზეა შექმნილი. ეს მობილური იარაღი ირანულ ეკიპაჟებს საშუალებას აძლევს დაიმალონ, გადაადგილდნენ და მოულოდნელად გამოჩნდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge