
ფრანგული გაზეთი Le Monde: „აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად შეშლილია“ - ტრამპის ესკალაციური რიტორიკა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვებს ბადებს
კონგრესის წევრებმა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უხეში და გენოციდური რიტორიკით შეძრწუნებულებმა, დაიწყეს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ქმედუუნაროდ გამოცხადებასა და აღმასრულებელი უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას ითვალისწინებს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 7 აპრილს, ირანის მისამართით გენოციდური რიტორიკა გამოიყენა. „ამაღამ მთელი ცივილიზაცია მოკვდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში - „და ის ვეღარასოდეს აღდგება“.
„მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორები, პრეზიდენტის ყოველი მუქარის მსგავსად, ამჯერადაც მსჯელობდნენ მის სავარაუდო მოლაპარაკების ტაქტიკასა და ჰიპერბოლისადმი მიდრეკილებაზე, ახალი რეალობა სულ უფრო აშკარა ხდებოდა. ირანის რეჟიმის წინააღმდეგობით გაღიზიანებულმა ტრამპმა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ელოდა, რომ რეჟიმი ჩამოიშლებოდა და არა გლობალურ ეკონომიკას შეაფერხებდა - ყოველგვარ რიტორიკულ თავშეკავებაზე უარი თქვა. აღარავითარი თვითკონტროლი, აღარავითარი საპრეზიდენტო ღირსება. „გახსენით ეს დედანატირები [ჰორმუზის] სრუტე, გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში ამოყოფთ თავს“, - დაიმუქრა ის 5 აპრილს“, - ნათქვამია სტატიაში.
ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაბედა და იკითხა: „რას უპასუხებდით კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ომის ფონზე, შესაძლოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შესასწავლი იყოს?“
ტრამპს თვალიც არ დაუხამხამებია: „არ მსმენია, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ჩემნაირი ხალხი მეტი გჭირდებათ, რადგან ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ძარცვავდნენ ვაჭრობაშიც და ყველაფერ დანარჩენშიც, სანამ მე არ გამოვჩნდი“.
მისი ყოფილი მოკავშირე, მარჯორი ტეილორ გრინი, რომელმაც წარმომადგენელთა პალატა იანვარში დატოვა, სამშაბათს დილით პლატფორმა X-ზე ამ წუხილს პირდაპირ გამოეხმაურა: „25-ე შესწორება!!! ამერიკაში არცერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ცივილიზაციის განადგურება. ეს ბოროტება და სიგიჟეა“.
„კაბინეტი არ აპირებს აამოქმედოს 25-ე შესწორება აშკარად შეშლილი ადამიანის წინააღმდეგ“, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, ჯიმ მაკგოვერნმა.
„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ მსგავსი რიტორიკა ჯერ კიდევ კვირას გამოიყენა: „ტრამპის კაბინეტის წევრი რომ ვიყო, აღდგომის დღესასწაულს კონსტიტუციონალისტ იურისტებთან 25-ე შესწორებაზე მსჯელობაში გავატარებდი. ეს სრული, აბსოლუტური სიგიჟეა. მან უკვე ათასობით ადამიანი დახოცა. ის აპირებს კიდევ ათასობით ადამიანი დახოცოს“.
25-ე შესწორება კვლავ აქტუალური გახდა აშშ-ის პოლიტიკურ დისკურსში. კომენტატორები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე მსჯელობენ. კონსტიტუციაში 1967 წელს შეტანილი ეს ცვლილება მიზნად ისახავდა ხელისუფლების უწყვეტობის უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი თავიანთი მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებდნენ.
ამ შესწორების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, კაბინეტის უმრავლესობას შეუძლია პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოაცხადოს და უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადასცეს. პრეზიდენტს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, თუმცა კაბინეტს აქვს უფლება, ძალაში დატოვოს პირვანდელი კენჭისყრის შედეგი. საბოლოო სიტყვა კი კონგრესზეა: წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხმების ორი მესამედით, მას შეუძლია პრეზიდენტის გადაყენება მუდმივი გახადოს.
„კაბინეტის შემადგენლობისა და კონგრესში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამის ნაცვლად, დემოკრატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ირანში ომის დაწყებამდე კონგრესთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორ პროცესში უკვე მარცხგანცდილებმა იციან, რომ მასზე დადებითად მოქმედებს მტკიცება იმ პოლიტიკური შეთქმულების შესახებ, რომელიც მისი თანამდებობიდან ჩამოცილებას ისახავს მიზნად. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა ფეთქებადმა განცხადებებმა ახალი ზღვარი გადაკვეთა“, - წერს სტატიის ავტორი.
იმედი
წყარო: imedinews.ge