
WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ.
სხვა ვარიანტებს შორის განიხილება ირანზე სრულმასშტაბიანი იერიშის მიტანა. თუმცა, WSJ-ის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მან შეიძლება რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია და სამხედრო კონფლიქტის გაჭიანურება გამოიწვიოს, რაც ტრამპს არ აწყობს.
ტრამპის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს ჰორმუზის სრუტის მოკლევადიან ბლოკადას, პარალელურად კი მოკავშირეებზე ზეწოლას, რათა მათ მომავალში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღონ.
ამასთან, გამოცემის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრამპი კვლავ კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიური გზის მომხრედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა და ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განახლებით დაიმუქრა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა WSJ-ის მოთხოვნაზე პასუხად განაცხადეს, რომ ტრამპი „ყველა დამატებით შესაძლებლობას განიხილავს“.
„ნებისმიერი პირი, ვინც The Wall Street Journal-ს ეუბნება, რომ იცის, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი შემდეგში, უბრალოდ სპეკულაციით არის დაკავებული“, - განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა მოლაპარაკებები ისლამაბადში 11 აპრილს გამართეს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩაშლისთანავე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდება“. ტრამპის თქმით, ბლოკადაში აშშ-ს „ბევრი ქვეყანა დაეხმარება“.
ამჟამად აშშ-სა და ირანს შორის მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება, რომელიც 8 აპრილის ღამეს გამოცხადდა. მისი პირობების თანახმად, ირანს გემების მიმოსვლისთვის ჰორმუზის სრუტე უნდა გაეხსნა.
იმედი
წყარო: imedinews.ge