
Axios: გარდამტეხი მომენტი ტრამპისთვის: გაანადგუროს ირანის ინფრასტრუქტურა, თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტს შემჭიდროებულ ვადებში საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: შეასრულოს მუქარა და ირანის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს აღმოსავლეთის დროით 20:00 საათიდან, თუ კვლავ გადაავადოს ის, რათა მოლაპარაკებებს შანსი მისცეს. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ირანს შუაღამეს ყველა ელექტროსადგურისა და ხიდის განადგურებით ემუქრება. შუამავლები პაკისტანიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან ასეთი სცენარის თავიდან არიდებაზე მუშაობენ. მათ გარიგების დადება, ან სულ მცირე, დროის მოგება სურთ.
„თუ პრეზიდენტი დაინახავს, რომ გარიგებასთან ახლოსაა, დაიცდის. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მან უნდა მიიღოს“, - განუცხადა გამოცემას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ გამანადგურებელი დაბომბვის თარიღის გადავადებას ამჯერად სკეპტიკურად უყურებს.
როგორც Axios-ს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც ბოლო დროს ტრამპს რამდენჯერმე შეხვდა, თეთრი სახლის ლიდერი ქვეყნის უმაღლესი მმართველი რგოლის წევრებს შორის ირანთან მიმართებით ყველაზე მკაცრი მიდგომის მომხრე ადამიანია.
მისი თქმით ტრამპის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი „მტრედები“ არიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge