
ტრამპმა CNN-ი ირანის მთავრობის სახელით ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით ყალბი ამბის გავრცელებაში დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხი CNN-ი ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება ტელეარხის მიერ ირანის მთავრობის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამარჯვებად აფასებდა.
„ყალბი ახალი ამბების შემქმნელმა CNN-მა ყალბი და სახიფათო განცხადება გაავრცელა, თითქოს და ეს იყო ირანის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან მომდინარე. ეს არ არის სიმართლე! ის გამოგონილი და ჰედლაინის სახით იყო გამოქვეყნებული, რათა დელიკატური ვითარება შეერყია“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის თქმით, აღნიშნული განცხადება ტელეარხმა ნიგერიაში შექმნილი ყალბი საიტის მეშვეობით გაავრცელა. მან CNN-ს მოსთხოვა წაშალოს პუბლიკაცია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის გამო CNN-ი თაღლითობაში დაადანაშაულა.
„CNN World News-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის თაღლითობა. ყალბი ინფორმაცია დაკავშირებული იყო ყალბ საიტთან (ნიგერიიდან) და, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გავრცელებული CNN-ის მიერ და წარმოდგენილი, როგორც „კანონიერი“ სათაური“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, ეს იყო დანაშაული, თუ მიზანმიმართული თაღლითობა.
„ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, CNN World News-ის მიერ ჩადენილი იყო დანაშაული, თუ ეს იყო განზრახ თაღლითობა? CNN-ს ევალება დაუყოვნებლივ წაშალოს აღნიშნული განცხადება და ბოდიში მოიხადოს საშინელი „რეპორტაჟული მუშაობის“ გამო, როგორც ეს ხდება ყოველთვის. გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - დასძინა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge