
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია
ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხომალდებს, რომლებიც ამ საზღვაო გზას გაივლიან, კოორდინაცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან მოუწევთ.
გუშაგთა კორპუსს კვლავ შეეძლება დაბლოკოს იმ ქვეყნების გემები, რომლებსაც ირანი მტრულად მიიჩნევს. გარდა ამისა, თეირანი აშშ-თან საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ კვლავ დაჟინებით მოითხოვს სრუტის მართვის ახალ სისტემას, რომელიც მას მოსაკრებლების აკრეფის უფლებას მისცემს.
აღნიშნული დეტალები მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მიერ პარასკევს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან აღნიშნა, რომ სრუტე ღია იყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge