
Euronews: „ტრამპის მარშრუტი“ ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს
აშშ-ის ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში დაასრულა მოლაპარაკებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) დერეფნის შესახებ - ვაშინგტონი ცდილობს აზერბაიჯანთან თავისი ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, - წერს Euronews-ი.
აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ (USTDA) ვიზიტი ოთხშაბათს დაასრულა. სააგენტომ ვიზიტის მიზნად ორ ქვეყანას შორის „საერთო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების წინ წაწევა“ დაასახელა - ეს არის ნაწილი აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, რომელიც თებერვალში გაფორმდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბაქოს სტუმრობდა.
„აზერბაიჯანის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას შეუცვლელ ჰაბად აქცევს ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან აკავშირებს“, - განაცხადა Euronews-ისთვის მიცემულ კომენტარში სარა ლემინგმა, USTDA-ს რეგიონულმა მენეჯერმა ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით.
TRIPP-ი წარმოადგენს 42-კილომეტრიან სარკინიგზო და საავტომობილო დერეფანს სომხეთის ტერიტორიაზე, რომლის შეთანხმებასაც შუამავლობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაუწია, როგორც 2025 წლის აგვისტოში თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მშვიდობის დეკლარაციის ნაწილს.
იგი ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს.
აზერბაიჯანიცა და სომხეთიც მუშაობენ ამ სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაზე, რომელსაც ვაშინგტონი ცენტრალურ რგოლად მიიჩნევს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ნაკადების ტრანსფორმაციისა და ტრადიციულ მომარაგების გზებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირების საქმეში.
აზერბაიჯანის პოზიცია ამ პროექტში შემთხვევითი არ არის - ქვეყანამ ორი ათწლეული დახარჯა იმ მილსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რაც მას დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პარტნიორად აქცევს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი ერთობლივად უზრუნველყოფენ კასპიის ენერგორესურსების პირდაპირ დაკავშირებას თურქეთსა და ევროპასთან, როგორც რუსეთის, ისე ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით.
ევროკავშირის გაზის იმპორტზე დამოკიდებულებამ უკვე 85%-ს გადააჭარბა, რის გამოც „სამხრეთის გაზის დერეფანი“ ევროპის მომარაგების უსაფრთხოების მთავარ საყრდენად იქცა. ამით გაიხსნა ბლოკის გაზით მომარაგების მეოთხე დერეფანი, როდესაც აზერბაიჯანულმა გაზმა ევროპას პირველად 2020 წელს, ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მეშვეობით მიაღწია.
2025 წელს ევროპულ ბაზრებს დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, რაც თითქმის 60%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
აზერბაიჯანული მონაცემების თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადომ, რომელიც დერეფნის მომარაგების ძირითადი წყაროა, დღემდე 267 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 52 მილიონ ტონაზე მეტი კონდენსატი აწარმოა.
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ასევე ავითარებენ „მწვანე ენერგიის“ სამ დერეფანს ევროპისთვის განახლებადი ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ეს პროცესი მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელსაც 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი.
იმედი
წყარო: imedinews.ge