
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საავიაციო საწვავის დაზოგვას ისახავს მიზნად, რადგან ავიაკომპანიები ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ პოტენციურ დეფიციტსა და გაზრდილ ფასებს ებრძვიან.
გერმანულმა ჯგუფმა სამშაბათს განაცხადა, რომ გაუქმებულ ფრენებს მისი რამდენიმე ავიაკომპანია ახორციელებს, რაც ჯამში მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობის 1%-ით შემცირებას ნიშნავს.
გასულ კვირას Lufthansa-მ ღონისძიებათა პირველი პაკეტი დააანონსა, რაც მოიცავს არაეფექტური საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან ამოღებას და CityLine-ის 27 მოქმედი თვითმფრინავის საზაფხულო განრიგიდან სამუდამოდ ამოშლას.
CityLine-ის გაუქმება ომამდეც იგეგმებოდა, თუმცა ირანის კონფლიქტმა ჯგუფს ამ ზომის ვადაზე ადრე გატარება აიძულა.
სამშაბათს დაანონსებული შემცირებები კომპანიას საშუალებას მისცემს, 40,000 მეტრულ ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი დაზოგოს. კომპანიამ ასევე დასძინა, რომ საზაფხულო განრიგით გათვალისწინებული ფრენებისთვის საწვავის მიწოდება, დიდწილად, სტაბილური უნდა იყოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge