Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

იმედი|imedinews.ge

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

აქამდე გერმანიაში ცალკეული კათოლიკე მღვდლები აკურთხებდნენ ერთნაირსქესიან წყვილებს, თუმცა ისინი საეკლესიო სამართლის ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ მოქმედებდნენ. კარდინალ მარქსის გადაწყვეტილებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიის ტერიტორიაზე, რომელიც ზემო ბავარიის დიდ ნაწილს მოიცავს.

ერთი წლის წინ, გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ და გერმანელ კათოლიკეთა ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცეს სახელმძღვანელო, სადაც აღნიშნული იყო: „ეკლესია პატივისცემით ეპყრობა სიყვარულით დაკავშირებულ წყვილებს და მათ მხარდაჭერას სთავაზობს“.

მიუხედავად ამისა, ეპისკოპოსები, რომლებიც საკუთარ ეპარქიებს მართავენ, აქამდე არ ჩქარობდნენ ამ დებულების ოფიციალურად დამტკიცებას. ექსპერტთა ვარაუდით, ეს გამოწვეული იყო მოლოდინით, თუ რა პოზიციას დაიკავებდა სექსუალური მორალის საკითხებში მოქმედი პაპი ლეო XIV.

ვატიკანმა კათოლიკე მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ნებართვა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, წინა პაპის, ფრანცისკეს დროს მისცა. თუმცა, წმინდა საყდარმა მკაფიოდ განმარტა შემდეგი პირობები: ეს აქტი არ უნდა ჰგავდეს ქორწინებას; კურთხევის დროს წყვილს ეკრძალება ბეჭდების გაცვლა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია