
იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო
ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას.
პატრიარქის “ავე მარიას” შემსრულებელი საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს.
“ძალიან მძიმეა ყველასთვის და ჩემთვის განსაკუთრებულად, რადგან შორს ვარ და არ მქონდა შესაძლებლობა მენახა ბოლო პერიოდში უწმინდესი, ძალიან განვიცდი ამას, მას ვუფრთხილდებოდი რატომღაც და ახლა განვიცდი რომ ვერ ვნახე”, - აღნიშნა მომღერალმა.
იანო ალიბეგაშვილი ამბობს, რომ უწმინდესი იყო განსაკუთრებული, უნიკალური პიროვნება, უდიდესი იუმორით და ამაღლებული სულით დაჯილდოებული.
მომღერალმა “ავე მარიაზე” მუშაობის პერიოდიც გაიხსენა.
“ეს იყო ულამაზესი მოგონება, უწმინდესი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც იწყებოდა “ავე მარიაზე” მუშაობა. სწორედ გამომიძახა, რომ ჩავსულიყავი, რა თქმა უნდა ჩავედი, ეს იყო ძალიან საინტერესო და განსხვავებული მუშაობის პროცესი, რაც კი ჩემს შემოქმედებით პრაქტიკაში არსებობდა, უნიკალური. ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო, ძალიან მრავალფეროვანი იყო მისი კომპოზიციები, ეს იყო მისი სულიერი დიალოგი მრევლთან, მის საყვარელ ხალხთან, რომელზეც ბოლომდე გული შესტკიოდა, განსაკუთრებით ემიგრანტებზე, უნდოდა, რომ საქართველო შეეკრა, ყველა დაებრუნებინა”, - განაცხადა ცნობილმა საოპერო მომღერალმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge