
ლევან გიგინეიშვილი: სიონში პატრიარქის ქადაგებას შევესწარი. ათეისტებს მიმართავდა, რომ თუ ღმერთის არ გწამს, სიკეთის ხომ გწამსო და როგორც გწამს სიკეთე, ისე აკეთე და მერე რწმენაშიც მოხვალო. მისი მოწოდებები იყო ბრძნული, მშვიდი
„70-მა წელმა, რაც ათეისტური ხანა იყო, დიდი დამბლა დასცა ადამიანებს. ერთი მუჭა მორწმუნეები დარჩნენ. ეკლესიური ცხოვრება რეალურად საზოგადოებისთვის არ იყო. შეგნებულად იყო ბრძოლა ამის წინააღმდეგ მაშინდელი ათეისტური სახელმწიფოს მხრიდან. შეგნებული ამოძირკვა ხდებოდა, რომ რწმენა არ ყოფილიყო ხალხში. პატრიარქმა შეძლო თავისი მოღვაწეობით, რომ ეს შეაბრუნა რადიკალურად. იქამდე შეაბრუნა, რომ საქართველოს თავი მოაქვს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი გულმხურვალე ქრისტიანულ ქვეყანას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო, ყველაზე რთულ პერიოდში ეკლესიისკენ შემოებრუნებინა ხალხი.
„ასეთი შემობრუნება სარწმუნოებისკენ, პატრიარქის რუტინის, მისი დაუღალავი შრომის შედეგი იყო“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქს ჰქონდა უნარი საერო კულტურასთან ეურთიერთა და დაეკავშირებინა სასულიერო განათლება საერო განათლებასთან, ასევე, ქადაგებებში მოეყვანა ფილოსოფოსების განმარტებები.
„უნარი ჰქონდა გაედო ხიდები სხვადასხვა ცოდნებს შორის“, - აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.
მისი განმარტებით, ილია მეორე იყო მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რაც გამოიხატებოდა მის ქმედებებში.
„სიონში მის ქადაგებას შევესწარი. ათეისტებს მიმართავდა, რომ თუ ღმერთის არ გწამს, სიკეთის ხომ გწამსო და როგორც გწამს სიკეთე, ისე აკეთე და მერე რწმენაშიც მოხვალო. მისი ეს დამოკიდებულება, ქარიზმა არ იმალება, ამიტომ არის ამდენი ხალხი რომ მიდის.
უფრთხილდებოდა ადამიანებს. მაგალითად, განხეთქილება რომ იყო 90-იანი წლების ბოლომდე იქაც გამოიჩინა ტოლერანტობა. რადიკალი არ იყო. მისი მოწოდებები იყო ბრძნული, მშვიდი, გაჯერებული სიყვარულით. ახალგაზრდების მისვლა ეკლესიაში საინტერესო მოვლენა არის“, - აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.
ფილოსოფოსის განცხადებით, პატრიარქი მუდმივად საუბრობდა განათლების აუცილებლობაზე, ისევე, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე აკეთებდა.
მისი თქმით, პატრიარქი უფრთხილდებოდა ადამიანებს, ადამიანებთან ურთიერთობებს, არ იყო ხისტი და ცდილობდა სიყვარული დაეთესა.
„არიან სასულიერო პირები, ვინც ხისტად ეპყრობიან მათ, ვინც არ არის ეკლესიური, არც ხედავენ მასში რაღაც სიღრმეს. სანამ ეკლესიაში არ მოხვალ, თითქოს არაფერი არ ხარ. ეს არ არის სწორი მიდგომა და პატრიარქს ჰქონდა ეს დამოკიდებულება, რომ არ არის ჯერ ეკლესიური ხომ, დააფასე სულის სიღრმე, მისი სამყარო დააფასე. დააფასე სრული სიღრმე მისი სამყაროდან, დააფასე მოვლენა თავის თავისუფლებაში, ნუ მოახვევ ეგრევე შენს კატეგორიებს. გაიგე სხვა ადამიანის ხმა, სხვა ადამიანის აზრი. ერთ-ერთ ქადაგებაში ასეთ რამეს ამბობდა, რომ ზოგი მღვდელი ვერ არჩევს განსხვავებასო, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საერო მრევლის წარმომადგენელთანო და თავის თავზე იღებს ავტორიტეტს, რომ ისევე მოექცეს, როგორც არქიმანდრიტი ან მონასტრული იღუმენი ექცევა ბერებსო. ამით აბრკოლებ ადამიანს“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge