დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ვფიქრობ, ისტორია პატრიარქის ეპოქას შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით, პატრიარქის მოსვლა და პატრიარქის წასვლა ათვლის წერტილია

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ვფიქრობ, ისტორია პატრიარქის ეპოქას შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით, პატრიარქის მოსვლა და პატრიარქის წასვლა ათვლის წერტილია

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, ისტორია პატრიარქის ეპოქას შეაფასებს ყველაზე ამაღლებული ფორმით, ვფიქრობ, რომ პატრიარქის ეპოქა საქართველოს უახლეს ისტორიაში ისეთივე იქნება, როგორც ვიქტორიანული ეპოქა მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში, პატრიარქის მოსვლა და პატრიარქის წასვლა ათვლის წერტილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

მისივე თქმით, ილია II-მ, რომელსაც რთულ ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა, მასშტაბური საქმეები აკეთა.

„უწმინდესმა იმდენი საქმე გააკეთა და ისეთ მასშტაბებს შეეხო, რომ ამის მოთხრობა შორს წამიყვანს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უწმინდესმა ერთი ისეთი საქმე გააკეთა, რაც მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ მომხდარა. კერძოდ, მან დაიწყო წმინდანების შერაცხვა, წარმოიდგინეთ 200 წელზე მეტი ქართულ ეკლესიას არ ჰყავდა წმინდანი შერაცხილი და მან თავისი პატრიარქობის 10 წლის თავზე ილია ჭავჭავაძე შერაცხა წმინდანად. ეს ისეთი გარღვევაა მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს რაღაც წარმოუდგენელია. რეალურად ეს დიდი და თამამი საქმეა, ამას დიდი ადამიანის გარდა ვერავინ გააკეთებს. ამაზე არ გაჩერებულა უწმინდესი, მან შერაცხა ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, წარმოუდგენელი რამ არის მართლაც, ეს არის ახალი გზა, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნეში ეკლესია, მაინცდამაინც შემოსილი ადამიანი შეიძლება წმინდანად შეირაცხოს თუ მეცნიერი, ღვაწლმოსილი და ქრისტეზე შეყვარებული ადამიანიც დაფასდეს? ეს არის ახალი ფურცელი მართლმადიდებლურ სამყაროში და ამის გამკეთებელი არის მისი უწმინდესობა, მისი გამბედაობის და მისი რეპუტაციის ხარჯზე. მგონია, რომ მომავალი პატრიარქებისთვის ეს კარგი გზამკვლევი იქნება - საით უნდა წავიდეს ეკლესია“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

სასულიერო პირმა ისაუბრა უწმინდესის მომრიგებლობისა და თბილი ურთიერთობების დამყარების უნარზეც.

„როცა საბჭოთა კავშირმა დაცვა დაუნიშნა, რათა ეკონტროლებინა სად წავიდოდა, ის ადამიანი მორწმუნე გახდა და ეზიარებოდა“, - აღნიშნა დეკანოზმა. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ პატრიარქის მთავარი მიზანი ყოველთვის ადამიანების გაერთიანება იყო. „ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ცხოვრებას ასე აღწერს, გახლეჩილის შეერთება მინდაო. მან მიიღო გახლეჩილი საზოგადოება, მიყუჩებული ეკლესია, გაბოროტებული ხალხი და უნდოდა ამის გაერთიანება, უნდოდა, რომ სიყვარულს გაემარჯვა, ქრისტეს მადლს გაემარჯვა, ეს უნდოდა და გამოსდიოდა კიდეც“, - განაცხადა დეკანოზმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია