მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების

მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების

იმედი|imedinews.ge

პატრიარქის აღსაყდრებიდან დაიწყო ქართული გალობის აღორძინების გზა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქის ძალისხმევით განმტკიცდა გალობის შესრულების ტრადიცია ლიტურგიის დროს.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ მთელს ერს, საქრისტიანოს. მისი მოღვაწეობა მრავალმხრივია. ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია მასთან ურთიერთობა გაიხსენოს. მე მახსოვს ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ურთიერთობა, ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ქართულ, ეროვნულ მუსიკალურ კულტურას პოპულარიზებას უწევდა, მე თავად ვიყავი მისი გუნდის წევრი მაშინ, როცა ქართული გალობის აღორძინების შემდეგი ეტაპი იდგა. ეს აღორძინების გზა სწორედ პატრიარქის აღსაყდრებიდან დაიწყო. ამ პერიოდში განმტკიცდა გალობის შესრულების ტრადიცია, გალობის რომელიც უშუალოდ ლიტურგიის დროს სრულდება, ეს არის პირდაპირ პატრიარქის დამსახურება. პატარა ბიჭები მივდიოდით სხვადასხვა ანსამბლებიდან, საათობით ვიდექი ლიტურგიაზე და ერთი სული გვქონდა პატრიარქს შევხებოდით“, - განაცხადა ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა.

მიშო ჯავახიშვილმა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში მომხდარი ამბავიც გაიხსენა.

„იმართებოდა ევროვიზიის კონკურსი[ისრაელში], რა თქმა უნდა იერუსალიმში წავედით მოსალოცად, იქ იმ სივრცეში საკმაოდ მკაცრად უყურებენ სხვა ეროვნებას. ისე მოხდა, რომ ტაძრის ცენტრში ვართ, გადავწყვიტეთ რომ სამ ხმაში გვეგალობა, ოღონდ ძალიან ჩუმად, მოვიდნენ, გაგვაჩუმეს. შემდეგ კუთხეში შევეცადეთ გალობას, იქაც გაგვაჩუმეს, ჩაგვისაფრდა რამდენიმე სასულიერო პირი, უცებ შორიდან წამოვიდა ადამიანი, მაღალი, სათვალიანი კაცი, მოვიდა და ინგლისურად გვკითხა ქართველები ვიყავით თუ არა, თქვენი პატრიარქი ჩემი ძმაკაციაო, თქვენ გაქვთ უფლება ახლა იგალობოთო. აღმოჩნდა იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელ ოჯახსაც ტაძრის გასაღები ჰქონდა ჩაბარებული. პატრიარქის სახელმა და ქართულმა გალობამ გაგვიხსნა გზა“, - გაიხსენა მიშო ჯავახიშვილმა.

ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ილია II-ზე საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც გაიხსენა.

„მე გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების, რომელმაც 49 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა რომ ქართული სახელმწიფო, ერი და ბერი ყოფილიყო ერთიანი“,- აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია