
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე მოქალაქეებს თბილისის მიმართულებით გამგზავრება როგორც ქალაქებიდან, ისე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებიდან უფასოდ შეუძლიათ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით რეგიონებიდან თბილისში წამომსვლელებისთვის ტრანსპორტი უფასო იქნება. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
მოქალაქეებს თბილისის მიმართულებით გამგზავრება როგორც ქალაქებიდან, ისე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებიდან შეეძლებათ.
„ჩვენი პატრიარქის პატივსაცემად, 21 და 22 მარტს - როგორც პანაშვიდზე, ასევე დაკრძალვის დღეს, ოთხივე მუნიციპალიტეტში იქნება ტრანსპორტი მობილიზებული, ჩვენს მრევლს შესაძლებლობა ექნება, რომ გაემგზავრონ თბილისში. ტრანსპორტი მობილიზებული იქნება როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში“, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ცეცხლაძის განცხადებით კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდზე, 21 მარტს ქობულეთის მერია უზრუნველყოფს მსურველების უფასო ტრანსპორტირებას.
„ტრანსპორტი გავა 21 მარტს დილის 05:00 საათზე, შეკრების ადგილი იქნება მერიის მიმდებარე მოედანი. იმოძრავებს 6 დიდი ავტობუსი და 10 მიკროავტობუსი. წინასწარ განსაზღვრულია მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც წასვლის სურვილი გამოხატა. ტრანსპორტი დაელოდება და ყველა მოქალაქის უკან ტრანსპორტირებას მოახდენს“, - განაცხადა ქობულეთის მერმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge