
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა.
დეკანოზმა ასევე ისაუბრა ილია მეორის მიმართ ხალხის სიყვარულზე, რის გამოვლინებასაც მისი თქმით, ამ დღეებში ვხედავთ.
„ერთია, როცა ცივი გონებით აფასებ და მეორეა, როდესაც ფაქტობრივად აწყდები აბსოლუტურად აუხსნელ, მისტიკურ მოვლენას, რომელსაც ჰქვია უანგარო, ქრისტესდარი სიყვარული მთელი ერის. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით, რაც ახლა ხდება.
აქედან გამომდინარე ხშირად გაიგონებთ, რომ ვინ იქნება ახალი პატრიარქი, ასეთი პატრიარქის შემდეგ როგორ უნდა შეძლოს პატრიარქობა. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს, ოპტიმისტურად შევხედოთ. ასეთი ნიშნული რომ გვაქვს, ასეთი რომ იყო [ილია მეორე], რას ნიშნავს - გზა გაგვიკვალა, მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში რაც არის უმთავრესი თვისება პატრიარქისა, რომელიც უშუალოდ ქრისტესგან აქვს იმიტომ, რომ უფალი ამბობს სახარებაში: „ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულით“.
მან გაგვიკვალა გზა, ამიტომ ასე მგონია, რომ მომდევნო პატრიარქს, ვინც ახლა იქნება, პირიქით - აქვს გაკვალული გზა, გამოგონება აღარ დასჭირდება, მისთვის უფრო მარტივი იქნება, რომ ამ სიმაღლეზე ავიდეს, ის სიმაღლე უახლეს ისტორიაში უკვე დაპყრობილია ჩვენი პატრიარქის მიერ.
რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა, რომ პატრიარქის ამ სიყვარულში, რომელიც დღეს ერს აქვს, მუშაობდეს არა მარტო ჩვენი ქვეცნობიერი და ინტუიცია, რომელიც ახლა სწორად მუშაობს - ეს ხალხი რომ მოდის, ჩვენი ერის ინტუიცია სწორად მუშაობს, ჩვენი ერი ცოცხალია, ის რეაგირებს საღვთო მადლზე, რომელიც პატრიარქის სხეულში ისევე დავანებულია, როგორც მის სულში. ადამიანი რომ იყოფა დროებით უფლის მეორედ მოსვლამდე, სული ღმერთთან არის და მის სხეულშიც ღმერთია დავანებული იმიტომ, რომ ადამიანი ტაძარია ღვთისა. ამიტომ იზიდავს მისი დასვენებული სხეული ამდენ ხალხს. ეს შეიძლება იყოს ინტუიციური და ეს ინტუიცია სწორად მუშაობს“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხი უნდა მიჰყვეს პატრიარქის სწავლებას.
„მივხვდით, რომ გვიყვარს პატრიარქი, მთელი ერი იქ ვართ, მაშინ უნდა დავინტერესდე, რა სურდა პატრიარქს, რას მასწავლიდა თუ აქამდე ვინმე შორს ვიყავით, ახლა მაინც ჩავუღრმავდეთ, რას გვასწავლიდა პატრიარქი. თუ ჩვენ ამ გზაზე დავდგებით, მაშინ მივხვდებით, რომ შესაძლებელია იმ ნიშნულის იოლად დაკავება და პატივი უნდა ვცეთ მის მემკვიდრეობას“, - განაცხადა დეკანოზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge