თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

იმედი|imedinews.ge

ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება, მასთან შეხება გვქონოდა. 50 წელი განებივრებული ვიყავით იმით, რომ ის ჩვენი ქვეყნის პატრიარქი და მღვდელმთავარი იყო. ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომლებიც უკვე ფასდაუდებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

მისივე თქმით, მან პატრიარქისგან ისწავლა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები და რომ სიკეთითა და შრომით შესაძლებელია, სასურველ შედეგს მიაღწიო.

„ჩემს ცხოვრებაში მართლაც ძალიან დიდი როლი აქვს - დაახლოებით, სამი ათეული წელია. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გზაზე მომეხმარა, რომ პატრიარქთან შეხება მქონოდა. მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, რომ ესეც ჩემი პირადი ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ის იყო ძალიან დიდი ფიგურა. მან შეძლო 70-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ იმ ავბედით ეპოქაში, როდესაც ის გახდა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, რომ განმანათლებელიც ყოფილიყო, აკადემიის შექმნაში მიეღო მონაწილეობა, ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ასობით პროფესიის ადამიანისთვის ყოფილიყო ნამდვილად სტიმულის მიმცემი. ძალიან პროგრესული ადამიანი იყო. არ მახსოვს, რომ რაიმე კარგს, ახალს კრიტიკულად მისდგომოდა. ყოველთვის ძალიან მონდომებული იყო. გულდასმით გისმენდა და ისე შეგაგულიანებდა, რომ ყველა ჩვენ დაფრთიანებული გამოვდიოდით იქიდან, რომ შეგვიძლია ბევრი ვაკეთოთ“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია