
თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები
რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე თბილისში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ საუბრისას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ხვალინდელ ცერემონიასთან და მარშრუტთან და დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრიარქომ გაავრცელეს ინფორმაცია. მინისტრის თქმით, მთავარია, პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის ტაძარში ღირსეულად გადავასვენოთ.
„მართალია, ხვალ ისეთი დღეა, რომ ყველა ვერ მოახერხებს, მინდა, ბოდიში მოვიხადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცხადებული აქვს ის გზა, მარშრუტი, ასევე საპატრიარქო ავრცელებს განცხადებებს, მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი. ბევრ ადამიანს - ათიათასობით, თუ არა ასიათასობით ადამიანს შეეძლება, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილოს პატრიარქი.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ დიდი გულისხმიერებით, ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და მართლაც ერთიანობით მოდიან ეს ადამიანები.
მაქსიმალურად შევეცდებით, ეს იყოს პირდაპირ ეთერში, იყოს ტრანსლირებული, ქუჩებში გამოტანილი იყოს ეკრანები. კულტურის სამინისტრო მთლიანადაა ჩართული. ასევე ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რადგან, იცით, რომ სიონის ტაძარი არის [კულტურული მემკვიდრეობის] ძეგლი და პატრიარქის დაკრძალვის ადგილზე სპეციალურმა ჯგუფმა, სპეციალისტებმა იმუშავეს. ვეცდებით, ყველაფერი დიდი სიყვარულით და დიდი აკადემიზმით ჩავატაროთ, როგორ მის უწმინდესობას ეკადრებოდა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მან პატრიარქთან დაკავშირებით ერთი ისტორიაც გაიხსენა.
„ერთ დღეს დამიბარა, ხვალ დილით მოდი, რაღაც პროექტი უნდა განვიხილოთო. ვუთხარი, ხვალ დილას ოპერაციას გამიკეთებენ, თქვენო უწმინდესობავ, ორ დღეში გამომიშვებენ და მოვალ-მეთქი. დილის 7 საათზე მამა შალვა გამომიგზავნა, მთელი რამე არ ეძინაო, „იქნებ, საავადმყოფოში მარტოა ჩვენი თიკა და იქნებ, მიხვიდე, მიაკითხო და აზიარო ოპერაციამდეო“. ის იყო ნამდვილად უდიდესი ადამიანი. ჩვენ ყველა ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში ვიცხოვრეთ“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge