საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა მიაგეს

საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა მიაგეს

იმედი|imedinews.ge

დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

პანაშვიდს დაესწრნენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.

„მათი აქ მობრძანება არის გამოხატულება იმ ტოლერანტობის, რაც საქართველოში იყო, არის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია