
გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობის წახალისება წარმოადგენდა.
„შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიურ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც გარემოს დაცვას უწყობს ხელს, მათ შორის ენერგიის დაზოგვა, პლასტმასის მოხმარების შემცირება და ნარჩენების დახარისხება.
შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლეების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge