
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს KIU-ს სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის აკადემიური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ირაკლი ბონდარენკომ. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სამართლის სკოლის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟირების გავლის გზით. დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები: სასწავლო ვიზიტები სასამართლოში, პრაქტიკული სემინარები, საჯარო ლექციები და ტრენინგები სამართლის სფეროში. სტუდენტები გაეცნობიან მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საჯარო ლექცია ჩაატარა KIU-ს სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის. ირაკლი ბონდარენკომ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან გაფორმებული დოკუმენტი KIU-ს სტუდენტებს მისცემს საუკეთესო შესაძლებლობას, მიიღონ რეალური გამოცდილება და უკეთ მოემზადონ პროფესიული საქმიანობისთვის.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge