რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონული სასწავლო ტური 19 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა. რეგიონული სასწავლო ტურის მიზანი იყო რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოყენება.

ტურის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სწავლა-სწავლების ეფექტიან სტრატეგიებს, სასწავლო მიზნებს, მათი განხორციელების გზებს, მოსწავლეთა ჰოლისტური შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა თემატური ვორქშოპები:

✅ „გუნდური მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომლობა“; ✅ ,,საკომუნიკაციო და ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლის გარემოში"; ✅ „სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერება სასკოლო გარემოში".

ტურის მონაწილე 30 სპეციალური მასწავლებელი კონკურსის წესით 97 პრეტენდენტიდან შეირჩა. მათგან უპირატესობა მიენიჭათ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლების, ასევე შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილების მქონე იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია