მეუფე საბა: პატრიარქის დაკრძალვის დღე ქართველი ერის რწმენაში გამოცდის და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული

მეუფე საბა: პატრიარქის დაკრძალვის დღე ქართველი ერის რწმენაში გამოცდის და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა - მღვდელმთავრებმა „იმედის კვირასთან“ კიდევ ერთხელ გაიხსენეს უწმინდესის მოღვაწეობა და ისაუბრეს მის მიერ აღსრულებულ საქმეებზე.

„ღვთის მადლით და შეწევნით აღესრულა მეორმოცე დღე, რაც განისვენა მისმა უწმინდესობამ. მთელი ეს ორმოცი დღე იყო მსახურების და ლოცვის“, - განაცხადა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

„ამ დღის მსახურება კიდევ ერთხელ არის იმის მოწმობა, რომ რაც მან გვითხრა მსგავსად წმინდა მამებისა, სიყვარულით და ღვთისმიერი მშვიდობით, არაფერია დაუძლეველი და ყოველთვის გავიმარჯვებთ ჩვენ“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულებული მსახურების შესახებ.

„ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორები იყვნენ ასი ათასი მოწამე ქართველი, იმაზეც მიფიქრია, რომ ჰქონდათ კი ყველას ისეთი ღრმა სარწმუნოება, რომ უშიშრად წავიდნენ ამ მოწამეობაზე, თუ ერთი მეორეს აძლიერებდა. ამ მდგომარეობამ ამ კითხვას რაღაცნაირად პასუხი გასცა - დაკრძალვის დღე რომ ყოფილიყო ქართველი ერის რწმენაში გამოცდის დღე და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული“, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.

„პატრიარქი არის ახალი განმანათლებელი ქართველების. ანდრია მოციქულის და წმინდა ნინოს შემდეგ ასე არავის უღვაწია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეეწევა ზეციდან საქართველოს“, - აღნიშნა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია