
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო აბსოლუტურად მზად არის გამოწვევების მიმართ. ადრე თუ მომხდარის მერე ვრეაგირებდით, ახლა შეგვიძლია პრევენციული ზომებით აღვკვეთოთ ისე, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაცული იყოს
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მრავალათასიანი მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან ფინანსდება. მმართველობის ინკლუზიურობაში არ გულისხმობენ მემარჯვენე, პატრიოტული, მორწმუნე ხალხის მონაწილეობას, ისინი გულისხმობენ მხოლოდ ულტრალიბერალური დღის წესრიგის აქტორების მონაწილეობას მართვაში და ეს შარლ მიშელის შეთანხმებაშიც გაწერილია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ევრო ბიუროკრატების მოთხოვნაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი იყო საქართველოში გარე მართვის შენარჩუნება ისე, რომ მოახდინონ გავლენა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
ირაკლი გოგავამ ასევე, განმარტა რამდენად ჯდება დემოკრატიულ პრინციპში ის, რომ საკვანძო თანამდებობებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კადრები დაინიშნოს.
„თუ არჩევით დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, უმრავლესობა ვალდებულია, გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი და საკუთარი რიგებიდან დანიშნოს [თანამდებობებზე] ადამიანები. ხალხთან დიალოგი სხვა რეჟიმია - ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, რომ სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხილვები აწარმოოს საზოგადოების ჩართულობით, მაგრამ მათ სურთ, რომ მხოლოდ ამ ლიბერალურ ჯგუფთან მოხდეს განხილვა და ჩვენ გვინდა, რომ მართლა ინკლუზიური იყოს, ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში.
იგივე სიუჟეტის ნაწილია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ცხადია, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირე და საშუალო ქვეყნებს მეტ სუვერენიტეტს აძლევს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
პოლიტოლოგმა ისაუბრა პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზეც, რომელმაც თქვა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
„ვფიქრობ, რომ ბატონი ჰერჩინსკი ძალიან მძიმე განცხადებას აკეთებს, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ავალებს, ეს ბიუროკრატია არჩეული არ არის და მანდატით არ სარგებლობს. დიპლომატს არ შეშვენის ასეთი განცხადების გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო აბსოლუტურად მზად არის გამოწვევების მიმართ. ადრე თუ მომხდარის მერე ვრეაგირებდით, ახლა თავისუფლად შეგვიძლია პრევენციული ზომებით აღვკვეთოთ ისე, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაცული იყოს და ქვეყნის განვითარებას საფრთხე არ დაემუქროს“, - დასძინა გოგავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge