
კახეთში აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარდგენა გაიმართა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების მიზნით, კახეთის რეგიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარდგენა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საკუთარი გამოცდილება, სამომავლო ხედვები და ინიციატივები წარმოადგინეს. ასევე გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობასა და ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკას.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომლმაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება პროექტის „ვორქშოფი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.
იმედი
წყარო: imedinews.ge