თინათინ ნიბლოშვილმა და ბექა ოდიშარიამ წლის საუკეთესო მკითხველები და ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს

თინათინ ნიბლოშვილმა და ბექა ოდიშარიამ წლის საუკეთესო მკითხველები და ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება მკითხველებისა და თანამშრომლების წახალისების მიზნით უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად წლის გამორჩეულ წევრებს ავლენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, რომ გამორჩეული მკითხველები და საუკეთესო ბიბლიოთეკარები პროგრესული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

“მნიშვნელოვანია ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი მკითხველი. მადლობა მათ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკების ერთგულები არიან.

განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანების წვლილი, რომლებიც ამ პროცესში ყოველდღიურად მონაწილეობენ და ეს ჩვენი პროფესიონალი ბიბლიოთეკარები არიან, მათი საქმიანობა ხომ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართა:

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკებში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ვხვდებით. მადლობას გიხდით ყველას დღევანდელ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ არის, ის წარმოადგენს ცოცხალ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა და ერთგულება, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ამ პროცესს, როგორც მკითხველები, ისე ბიბლიოთეკის თანამშრომლები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიებას მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე უძღვებოდა.

წლევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა გამარჯვებული ახალ ნომინაციაში - „ბიბლიოთეკის მეგობარი“.

პროექტის მიზანი კითხვის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების როლის გაძლიერება და იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში.

დაჯილდოებულთა სიაში წელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. საუკეთესო მკითხველებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და აქტიურობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს, მერიის, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები, მედიათეკარები და მკითხველები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია