
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, დღეს არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რათა თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
მისივე თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებულ ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების აშენდეს.
„სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის წყნეთის ფილიალი ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, შესაბამისად აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან და ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წყნეთში აშენდება სრულიად ახალი შენობა, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე სტანდარტებზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ დევნილ ბენეფიციარებს შევთავაზოთ ღირსეული სამედიცინო პირობები“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ახალი კლინიკა უახლესი აპარატურით აღიჭურვება, გაფართოვდება ამბულატორიული მომსახურების ჩამონათვალი, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის რაოდენობის ზრდას. დევნილ მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, მიიღოს სრულყოფილი და ხარისხიანი ამბულატორიული მომსახურება.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge