სოსო გიორგაძე: ევროკომისიის რეკომენდაცია მივიღეთ გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის, განაცხადიდან ოთხ თვეში პრეზიდენტის სტუმრობა არის მხარდაჭერა რეფორმების, რომელსაც ვახორციელებთ

სოსო გიორგაძე: ევროკომისიის რეკომენდაცია მივიღეთ გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის, განაცხადიდან ოთხ თვეში პრეზიდენტის სტუმრობა არის მხარდაჭერა რეფორმების, რომელსაც ვახორციელებთ

იმედი|imedinews.ge

საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტის ანტონიო კამპინოსის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ მონაწილეობს.

„ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენ მივიღეთ 2024 წელს, რომ უნდა გაგვეკეთებინა განცხადება ევროპის საპატენტო უწყებაში გაწევრიანებისთვის, შესაბამის კონვენციაზე მიერთების გზით და ჩვენ უკვე 2025 წლის დეკემბერში მივმართეთ ევროპის საპატენტო უწყებას გაწევრიანების თხოვნით. ოთხ თვეში უკვე საქართველოში იმყოფება ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს, რომ რამდენიმე თვეში მოხდება გაწევრიანება, ეს რამდენიმეწლიანი პროცესია ხოლმე ს სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა ოთხ თვეში ვიზიტი ჩემი აზრით ეს არის მხარდაჭერა და დაფასება იმ რეფორმების, რომელსაც ვახორციელებთ.

პირველი კონტაქტი საქპატენტსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ჯერ კიდევ 1992 წელს შედგა. იქიდან მოყოლებული ეს ურთიერთობა არსებობს, თუმცა დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი“, - აღნიშნა გიორგაძემ.

მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმება.

„ევროპის პატენტის ვალიდაცია საქართველოში ავტომატურად ნიშნავს, რომ იმ პატენტს, რომელიც ამ ორგანიზაციაში იქნება დაცული, ზუსტად ისეთივე ძალა აქვს საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრ ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. ეს არის ვალიდაციის შედეგი, რომელიც მივიღეთ. განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ახალ ტექნოლოგიებში. აქედან გამომდინარე, მათთვის საქართველოს ბაზარი ხელმისაწვდომია ერთიან სივრცეში. ნებისმიერ რეფორმას, რომელსაც ვახორციელებთ, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, პირველ რიგში ვაკეთებთ საქართველოში ამა, თუ იმ სისტემის გაძლიერებისთვის და ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პირადად პრემიერ-მინისტრს. სწორედ მისი მითითებით, საქართველოში ვაძლიერებთ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას, რადგან საქართველო ცდილობს ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი. ეროვნული სისტემის გაძლიერება მიგვაჩნია ყველაზე ახლო გზად ევროკავშირისაკენ“, - აღნიშნა გიორგაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია