სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორი - ბესიკ ნათენაძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 210-ე და 220-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

გამოძიება ბრალდებულს ქ.თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის მიხედვით შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის - ბესიკ ნათენაძის თავმჯდომარეობით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული საწვავი 3 345 589 ლარით აღემატებოდა იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასებს.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტენდერები ნაწარმოები იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამარჯვებულ კომპანიებს სხვა პრეტენდენტებთან შედარებით შეთავაზებული ჰქონდათ ყველაზე დაბალი ფასი, ხოლო საწვავის შესყიდვა რეალურად საშუალო საბაზრო ღირებულებაზე 670 411 ლარით იაფად განხორციელდა. გარდა აღნიშნულისა იმჟამინდელი ბრალდების მტკიცებით ბესიკ ნათენაძემ ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა და ავტობუსების მარაგ-ნაწილების მიუწოდებლობისთვის არ დააკისრა 69 302 ლარის პირგასამტეხლო, ხოლო ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში კონტრაქტორ ფირმაზე რეალურად დაკისრებული იქნა 46 542 ლარის ჯარიმა.

განაჩენის მიხედვით, 2007–2009 წლებში ადგილი ჰქონდა ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე არარსებული მარაგ-ნაწილების მიწოდებას, რის შედეგადაც, გამოძიების ვერსიით, კონტრაქტორ ფირმებთან უკანონო გარიგებით მოხდა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი 503 192,64 ლარის მოტყუებით დაუფლება.

ხელახალი გამოძიების ფარგლებში შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული მასალებით დადასტურდა, რომ შპს „თბილისის ავტობუსში“ 2009 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად რაიმე დანაკლისი არ გამოვლენილა. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობა 42 793 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, ხელახალი გამოძიების პროცესში გამოკითხულმა მარაგ-ნაწილების ჩაბარებაზე პასუხისმგებელმა შპს „თბილისის ავტობუსის“ თანამშრომლებმა დაადასტურეს მიწოდებული ავტონაწილების და გაფორმებული დოკუმენტაციების ნამდვილობა.

ამდენად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობის და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია