
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი. ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან.
იმედი
წყარო: imedinews.ge