
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს
ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი ოპოზიციაში დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„რეალურად, ძველი ნაცები გაერთიანდნენ ერთ ქუდ ქვეშ, რომლის სახელწოდება სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ერთობაა. ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას. მათი გაერთიანება დავალების შესაბამისად არის სახელმწიფოებრიობის მტრობა, ერთი შოუ, ტაკიმასხარობა, რომელსაც მათ შორის თავიანთ ტელევიზიებში რამდენიმე სიუჟეტის გასაკეთებლად თუ გამოიყენებენ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ძველი სახეებით და მერე მიტმასნილი სხვა პირებით არის გაერთიანებული, კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე გახდა მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი. სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთობლივ განცხადებას ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge