
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პრემიერი პარტიის დაარსების 14 წლისთავს ეხმიანება.
„2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა.
ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა - ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge