
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან და კომიტეტის წევრებთან გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო–ესპანეთის ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე.
საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა უსაფრთხოება, კონფლიქტები და რეგიონში მიმდინარე ომები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მათ გავლენაზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე და კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ამ ურთიერთობებში არსებობს.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების მზადყოფნას, ყველა საკითხზე ღიად იმსჯელოს ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ესპანელი კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
იმედი
წყარო: imedinews.ge