
მდინარაძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: მკაცრად ჩაშლილი დავალებაა, რომ არ გაეკაროთ ამ თემას. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, პასუხს ვაგებ პირადად
დღეს, მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, ის რას აპირებს, ეს რას აპირებს, ამ დონეზეც კი, პასუხს ვაგებ პირადად, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”.
წამყვანმა მას ჰკითხა, „საუბრის დასასრულ გვინდა გთხოვოთ შეაფასოთ ის უდიდესი მნიშვნელობის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში. ეს არის, ერთი მხრივ, მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესი და მეორე მხრივ, ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც ახლა განსაკუთრებით გამწვავდა“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრად ჩაშლილი დავალება არსებობს.
„დღეს, მთელი პასუხისმგებლობით და გარანტიით ვიტყვი, რომ ერთი ადამიანი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, არათუ მეუფესთან, ერთ სასულიერო პირთან და კითხვა დაუსვამს ის რას აპირებს, ეს რას აპირებს, ამ დონეზეც კი, პასუხს ვაგებ პირადად.
მკაცრად ჩაშლილი დავალება არსებობს, რომ შესაძლოა ვიღაცებმა პირიქით, ელემენტარული ცნობისმოყვარეობით დასმული კითხვა გამოიყენონ რაღაცისთვის, არ გაეკაროთ ამ თემას. პირიქით არის, პირდაპირ ვამბობ, დავალებად ჩაშლილი და თუკი რაიმე საზრუნავი ამ მიმართულებით არსებობს, ვინმე თუ ლეგიტიმურად ინფორმაციას მიიღებს იმის შესახებ, რომ ვიღაც ერევა, ვიღაცა ვიღაცის აზრზე რაღაც გავლენის მოხდენას ცდილობს, ამის შესახებ გვაცნობეთ პირველ რიგში. ამ დროს ჩვენ ვისმენთ, რომ არავინ ჩაერიოს, ეს როგორც მინიმუმ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი. მე ამას არ ვამბობ შემთხვევით, რა გარანტიასაც ვიძლევი და რა პასუხისმგებლობასაც ვიღებ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge