
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას „დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია.“
ქართველიშვილის თქმით, გარე მოთამაშეებს უწევთ ოფიციალურ თბილისთან შეთანხმება საქართველოს დერეფანზე წვდომის პირობებზე და ამის აღიარება უკვე მოუწია მარტა კოსს, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას პრაქტიკულ ჭრილში აღიარებს, ჩინეთს კი არც დაჭირვებია ამდენი წინასწარი მოთელვა და საქართველოზე თავიდანვე პარტნიორული ფსონი დადო.
„ბრიუსელის სამეულიდან (ურსულა-კაია-მარტა) პირველი დანებდა მარტა კოსი, რომლის უკანასკნელი განცხადება უკიდურესად პირდაპირი იყო: საქართველოს გარეშე შეუძლებელია ევროპასა და აზიას შორის სრულფასოვანი დაკავშირებადობის არქიტექტურის შექმნა. ეს არ არის დიპლომატიური ფორმულა, ეს არის დამოკიდებულების დაფიქსირება: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს. ალილუია! ამით ბრიუსელი დე-ფაქტო აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის ახალ როლს - არა როგორც პერიფერიულ და მუდმივად "გასაროზგ" პარტნიორს, არამედ
როგორც საკვანძო სუბიექტს, რომელზეც დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა. მართალია, მარტა ის კოსი არ იქნებოდა, ამ აღიარებისთვის დამატებით „პირობებში შეფუთვა“, რომ არ მიეყოლებინა, რაც ბრიუსელის კლასიკური ტაქტიკაა: თუ საქართველო შეუცვლელია, საჭიროა მისი მნიშვნელობის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევა, მაგრამ თავად კოსის განცხადების ლოგიკა ამ მიდგომას ეწინააღმდეგება. სპარსეთის ყურის არასტაბილურობის, ალტერნატიული მარშრუტების გადატვირთვისა და ცენტრალურ აზიაზე წვდომისთვის ბრძოლის ფონზე ევროპას არჩევანის სივრცე უბრალოდ აღარ რჩება - თვით გეოგრაფია არჩევანს ამცირებს მხოლოდ ერთ მარშრუტამდე, რომელიც თბილისზე გადის.
ასე რომ, დღეს ბრიუსელი არ არის იმ მდგომარეობაში, აქეთ "დამატებითი პირობები" წამოაყენოს, არამედ პირიქით. ეს კი ნიშნავს პრინციპულ გარდატეხას: პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს უჩნდება არა მხოლოდ ვალდებულება მოუსმინოს, არამედ შესაძლებლობა - თავად დააწესოს საკუთარი პირობები.
სწორედ აქ იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც იშვიათად ეძლევა მცირე სახელმწიფოებს. საქართველო ტრანზიტული ტერიტორიიდან გადაიქცა გლობალური რისკების დაზღვევის სისტემის ელემენტად, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-სა და მსოფლიო ვაჭრობისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთისთვისაც, რომელიც აქეთ გახედვის ღირსადაც არ გვთვლიდა წლების განმავლობაში, ხოლო ჩვენი "სუბიექტად" წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.
ასეთ კონფიგურაციაში ქვეყნის სტაბილურობა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კაპიტალად გარდაიქმნება, ხოლო ინფრასტრუქტურა - ზეწოლის ინსტრუმენტად: თბილისი კი არ უნდა მოერგოს სხვის წესებს, არამედ გარე მოთამაშეებს უწევთ შეთანხმება საქართველოს დერეფანზე წვდომის პირობებზე. დღეს ამის აღიარება მარტა კოსს მოუწია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამას უკვე პრაქტიკულ ჭრილში აღიარებს, ჩინეთს არც დაჭირვებია ამდენი წინასწარი მოთელვა, ის თავიდანვე ჩვენზე თავის პარტნიორულ ფსონს აკეთებდა. გარდაუვალია მოსკოვის "გამოფხიზლებაც", თუ არა და, ის კიდევ დიდი ხნით დარჩება ცხინვალთან და სოხუმთან "საერთაშორისო სამიტების" ჩატარების დონეზე. შეუძლიათ - ნაურუც მოიწვიონ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge