
პრემიერი: „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება
დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.
„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ.
„აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში - 40%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge